ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო საგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ განუცხადა, ამ ეტაპისთვის ცეცხლის კერები არ არის, მაგრამ დაკვამლიანებაა და ბოლომდე ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
"ჯერჯერობით იგივე მდგომარებაა, ცეცხლის კერები არ არის, მაგრამ დაკვამლიანება არის და ბოლომდე ლოკალიზაცია ვერ ხერხდება. ძალიან რთული რელეფია. ვერტმფრენიც მუშაობს, ცოცხალი ძალაც, საგანგებო სამსახურია ჩართული, ასევე სატყეო სამსახური", - განაცხადა გვაზავამ.
მისი თქმით, ისეთი მიუდგომელი ადგილებია, ვერტმფრენმა თუ არ დაასხა წყალი, ცოცხალი ძალა ვერ მიუდგება რამდენიმე ადგილს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერტმფრენიც ჩართულია ხანძრის ლოკალიზებაში.
"ისეთი მიუდგომელი ადგილებია იქ, ვერტმფრენმა თუ არ დაასხა წყალი, ცოცხალი ძალა ვერ მიუდგება რამდენიმე ადგილს. დაკვამლიანება არის ძირითადად პრობლემა, თორემ როგორც ასეთი ცეცხლის კერა იყოს, აღარ არის", - აღნიშნა გვაზავამ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ თუ ქარმა ხელი არ შეუშალათ, შესაძლოა, ხანძრის ლოკალიზება დღესვე მოხდეს.