საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესომბუდსმენთან ერთად რეგიონულ ბიზნეს-სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს. შესაბამისი ღონისძიება დღეს ქალაქ ახალციხეში გაიმართა. ჩატარებული ღონისძიება საინფორმაციო ხასიათის იყო. ბიზნესომბუდსმენმა ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, შემდეგ კი შეხვედრები კითხვა პასუხის რეჟიმში გრძელდებოდა და რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პრობლემური საკითხების შესახებ კითხვები დაესვათ. შეხვედრას 30-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო.
რეგიონული შეხვედრები იმ მემორანდუმის ფარგლებში იმართება, რომელიც აპრილის თვეში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენს შორის გაფორმდა. ანალოგიური ხასიათის შეხვედრები უკვე გაიმართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში. გაფორმებულ დოკუმენტში გაწერილი პირობების შესაბამისად, შეხვედრების ორგანიზებაში რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები ჩაერთნენ. მემორანდუმის მიხედვით საქართველო რეგიონებში ბიზნეს წრეებთან კომუნიკაციაში ბიზნესომბუდზმენს სწორედ საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა შეუწყობს ხელს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. ირაკლი ლექვინაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ ბიზნესთან პირველი შეხვედრა სწორედ პალატის ხელშეწყობით გამართა, რომელსაც პალატის წევრი 100-მდე კომპანია ესწრებოდა.