თუ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მესამე სექტორმა მონაწილეობა არ მიიღო, ამ პროცესს სანდოობა არ ექნება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ჟურლისტის შეკითხვაზე, არასამთავრობოების გარეშე რამდენად სანდო იქნება ეს პროცესი, ლომჯარიამ უპასუხა, რომ სანდო ნამდვილად არ იქნება.
"ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე წლებია მუშაობენ, სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ, მათი მხრიდან მოიპოვოს ნდობა", - განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე განცხადებით, ის, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარდა, არ იყო მხოლოდ ერთი ან ორი საქმის გამო გამოწვეული მღელვარება და პროტესტი. მისივე თქმით, ეს იყო იმის დასტური, რომ სისტემაში, საგამოძიებო უწყებებში, არსებობს სერიოზული პრობლემები, სერიოზული უნდობლობა და ხარვეზები.
"ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე კითხვა დატოვოს ამ პროცესთან დაკავშირებით. დღეს საჭიროა, რომ იყოს სრული ნდობა ამ პროცესის მიმართ. ისეთი გენერალური პროურორი უნდა იყოს არჩეული, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები", - აღნიშნა ლომჯარიამ.