როგორ განადგურდა მტკიცებულებები და როგორ ყალბდებოდა 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანების მკვლელობის საქმე; რა იყო ამის მიზეზი და ვინ აფარებს ხელს დამნაშავეებს - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა მურთაზ ზოდელავამ ისაუბრა.
ზოდელავას განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმე პირდაპირ კავშირშია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან, რადგან სოზარ სუბარის პროტეჟე, სუბელიანს აღნიშნული კადრები აქვს და საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში მისი გასაჯაროებით იმუქრება. ასევე, ზოდელავას თქმით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანისა და დიმიტრი დარბაისელის გარდა, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. მათ შორისაა ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.
„ყველას, ამათ, შეუძლიათ ამხილონ კონკრეტულ დანაშაულში მთავარი ფიგურა და მთავარი მონაწილე ამ დანაშაულებრივი სქემის ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი რომელიც არის რეალური ძალაუფლების მქონე და ყველაზე გავლენიანი ადამიანი სახელმწიფოში და ადამიანი, რომელიც აკონტროლებს მთელ სახელმწიფო სისტემას. ამ დაფაზე წარმოდგენილი ყველა ადამიანი მონაწილეობას ამ სქემაში და ისინი არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.
ხელშეუხებლობა მირზა სუბელიანის, ნიშნავს ხელშეუხებლობას სოზარ სუბარის, ხელშეუხებლობას ოთარ ფარცხალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის და რაც მთავარია ხელშეუხებლობას ბიძინა ივანიშვილის“, აღნიშნა ზოდელავამ.