"რესპუბლიკური პარტია" იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, გადადგომასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას უერთდება.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში პარტია აღნიშნავს, მისი უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არ ტოვებს მბჟუტავ იმედსაც კი, რომ ის შეძლებს ვალდებულებების გააზრებას და პროცესების სწორად წარმართვას.
"იუსტიციის მინისტრის განცხადებები და გამოვლენილი დამოკიდებულება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, სცდება ყოველგვარ საღ აზრს. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კორუფციაა და უგულვებელყოფილია ადამიანის უფლებების ფუნდამენტური საფუძვლები.
ამ პროცესებში ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურა სწორედ იუსტიციის მინისტრია. ის უკვე მეხუთეჯერ იწყებს საქართველოს მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსს.
ამჯერადაც, კონკურსის შერჩევა დაიწყო ტენდენციურად და მინისტრის შეხედულებისამებრ შერჩეული საზოგადოების წარმომადგენლების მოწვევით, რაც იმთავითვე ადასტურებს ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთის შესრულების მცდელობას.
თეა წულუკიანი გამოირჩევა ბიძინა ივანიშვილისადმი უპირობო, თავგანწირული მორჩილებით. ამ გზაზე მან უარყო ყველა ის ღირებულება, რომლის დაცვის დეკლარირებული განცხადებით მოვიდა ხელისუფლებაში. მისი უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არ ტოვებს მბჟუტავ იმედსაც კი, რომ ის შეძლებს ვალდებულებების გააზრებას და პროცესების სწორად წარმართვას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.
მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ ახალი მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრმა აღარ უნდა შეარჩიოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, თეა წულუკიანი გადააყენოს.