„სისტემა ვერ დაინგრევა სისტემის შემქმნელის (ნაცმოძრაობის) რევანშით სისტემის შემნარჩუნებლის (ოცნების) წინააღმდეგ“, აცხადებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.
უსუფაშვილი ამბობს, რომ სისტემა დაინგრევა და ქვეყანა გადარჩება კონსტიტუციის ფარგლებში წარმართული პოლიტიკური პროცესით და პროპორციული არჩევნების გზით ხალხის ნების ადეკვატურად ამსახველი ახალი პარლამენტით და ახალი მთავრობით.
„ამიტომ, ყველა, ვისაც უნდა ქვეყანაში სწორი პოლიტიკის წარმართვა, სამართლიანი სისტემის აშენება და რეალური ცვლილებები, ვადამდელ არჩევნებამდე უნდა ითხოვდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას.
გავიხსენოთ, არსებული საარჩევნო სისტემა რა შედეგს იძლევა ხოლმე რევოლუციურ ტალღაზე - პროცესების ლიდერი ძალა სწორედ ამ სისტემის მეშვეობით იღებს ხოლმე ერთპიროვნულ უმრავლესობას და ხდება ერთპიროვნული მმართველი. ახლა ისიც გავიხსენოთ, თუ რა შედეგი მოაქვს ხოლმე რევოლუციურ ერთპიროვნულ მმართველობას და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ თუ რას მივყავართ სისტემის შეცვლისკენ და რას - იმავე მანკიერ სისტემაში ადამიანების ჩანაცვლებისკენ”, - აცხადებს დავით უსუფაშვილი