შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ თავიდან დაიწყო ყველა იმ არასრულწლოვნის დაკითხვა, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფლიქტში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შს მინისტ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.
მისივე განცხადებით, ომბუდსმენი მიიღებს ყველა ინფორმაციას, რაც არის აღნიშნული საქმის გამოძიების მასალებში.
„ძირითადად, ორი მიმართულებით აქვთ გამოძიებაში პროგრესი. ეს ეხება როგორც მოწმეზე ზემოქმედებას, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ახალ გარემოებებზეც საუბრობენ. მათ განგვიცხადეს, რომ თავიდან დაიწყო დაკითხვა ყველა იმ არასრულწლოვნის, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფლიქტში. გამოძიებას იმედი აქვს, რომ დამატებით ინფორმაციას მიიღებს. ასევე, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ისინი გადმოგვცემენ ყველა იმ ინფორმაციას, რაც არის გამოძიების მასალებში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ შს მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის მამა და მისი ადვოკატიც ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია. სწორედ ამასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე დღეა, პარლამენტთან აქცია მიმდინარეოვბს მოთხოვნით, დაისაჯონ მკვლელობასა და დანაშაულის დაფარვში დამნაშავე პირები.