სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი აკონტროლებდა და აკონტროლებს ცხინვალის რეგიონს, რომ ე.წ. სამართლებრივი გაგებით ეფექტური კონტროლი არის მისი და არა ვინმე სხვისი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეს დავა და ამ დავის ფარგლებში დაყენებული ყველა დარღვევა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა.
„იმის თქმა, რომ იქ ეთნიკური ქართველები მოკლეს ოსებმა და რუსეთი არაფერ შუაშია, სამართლებრივად სუსტია. ჩვენ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გამოსვლებით დაწყებული, სხვა დოკუმენტური მასალით, ვაჩვენებთ, რომ დიახ, რუსეთი წვრთნიდა იმ შენაერთებს; დიახ, რუსეთის ხელით და რუსულ კანონებზე დაყრდნობით ხდებოდა ყველა ის დარღვევა, რაც ცხინვალის რეგიონში მოხდა. ეს ყველაფერი იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი სამომავლო ბრძოლაში ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.
სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.