ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის პროკურატურაში განცხადება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, ის ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
"შემაქვს განაცხადი, რომ დაიწყოს სამართლებრივი დევნა მირზა სუბელიანის და სხვა პირების წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობა მიიღო დანაშაულის დაფარვაში. ვიდეომასალა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სასამართლოზე გაჟღერებულ ჩვენებებს. დარწმუნებული ვარ მირზა სუბელიანი ესაუბრა ამ ბავშვებს, რომელთაგან ერთი დაკავებულია, ხოლო მეორე, მისი ნათესავია და ამ საუბრის შემდეგ არ შეატყობინა ძალოვან სტრუქტურებს მათი ადგილსამყოფელი, რითიც ხელი დააფარა დანაშაულის ჩამდენ პირებს. წესით უკვე დაწყებული უნდა ჰქონოდათ მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა, თუმცა, სამწუხაროდ არანაირი ქმედება გატარებული არაა. ჩემი განაცხადის საფუძველზე იმედია, პროკურატურა გონს მოეგება და ამ საქმეს მიხედავს ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა სარალიძემ.
საქმე ეხება სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ რა ხდება მკვლელობის შემდეგ, სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის სახლთან.
„კურიერის“ მიერ მოპოვებულ მასალაში ჩანს, თუ როგორ ყრიან სისხლიან ტანსაცმელს საკანალიზაციო ჭაში და ჩანს ისიც, რომ იმავე ბინაში იმყოფებოდა მაშინ ჯერ კიდევ პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, ასევე ოჯახის მეგობარი პოლიციელი.