2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა 14%-მდე გაიზარდა. 2016 წელს ეს მონაცემი 11.8% იყო, 2017 წელს 13.9%-ზე ავიდა და 2018 წელსაც, სამწუხაროდ, ზრდას განაგრძობს, რაც “ქართული ოცნების” არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ შედეგებს.
მისი თქმით, უმუშევრობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის ზომის შემცირებით, როდესაც მთავრობა დაბლა სწევს გადასახადებს, მეტ ფულს უტოვებს ბიზნესს, აძლევს მას გაფართოებისა და დამატებით ხალხის სამსახურში აყვანის საშუალებას. ამის ნაცვლად, მთავრობა ვერ ელევა საკუთარ კეთილდღეობას, მეტ ფულს იღებს ბიზნესიდან, ფლანგავს საბიუჯეტო თანხებს და ამით პირდაპირ ურტყამს ათასობით მოქალაქისა და ოჯახის შემოსავლებს.
ჭიაბერაშვილის თქმით, სწორედ მთავრობის სიხარბისა და საწვავზე - ბენზინსა და დიზელზე - აქციზის ზრდის შედეგი იყო ფასების ზრდაც, რომელმაც 2017 წელს უამრავ მცირე მეწარმეს საოპერაციო ხარჯი გაუზარდა და აიძულა, შეემცირებინა საკუთარი აქტივობაც და, შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობაც.
“წელიწადზე მეტია, “ევროპული საქართველო” მთავრობას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფართომასშტაბიან საკანონმდებლო პაკეტს სთავაზობს, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და საერთოდ არ აინტერესებს ხალხის მდგომარეობა,” - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.