საკანონმდებლო ორგანოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების განხილვის პროცესი უნდა დაჩქარდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჰუმანური ნარკოპოლიტიკა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდეს.
„მესმის, რომ განსხვავებული აზრებია, მაგრამ კანონპროექტზე მსჯელობა სასწრაფოდ არის დასაწყები. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული სამუშაო შეხვედრის მონაწილე არ ვყოფილვარ და არ ვიცი, რა პროცესებია და როგორ მიდის, მაგრამ საბოლოო დისკუსიები ძალიან მალე პარლამენტში უნდა დაიწყოს. პრემიერისგან, შს მინისტრისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა, რომ ჩვენი ნარკოპოლიტიკა ჰუმანური უნდა იყოს. ეს ის ძირითადი ღერძია, რასაც ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს. საწყისად უნდა ავიღოთ კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია, რადგან ის ბევრი ცვლილების საშუალებას გვაძლევს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე განცხადებით, ის ახალი კანონპროექტის წარდგენას საჭიროდ არ თვლის.
"ყველაფერი პარლამენტში გადაწყდება. გადარწმუნების კომისია ფუნდამენტური საკითხია, რომელმაც ახლებური მიდგომა უნდა ჩამოაყალიბოს. მას უნდა ჰქონდეს ფუნქცია, რომ ცალკეული შემთხვევები შეისწავლოს და რეფერირების გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღოს, ამ ადამიანის ბედი რა მიმართულებით წარმართოს. საუბარი იყო იმაზეც, მთლიანად უნდა მოიხსნას თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რა დოზა შეიძლება ჩაითვალოს პირად მოხმარებად და რა-გასაღებად. არიან ადამიანები, რომელთათვისაც მკაცრი ნარკოპოლიტიკა მისაღებია, მაგრამ თუ ნებისმიერ მომხმარებელზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ შევცვლით, მაშინ პოლიტიკური არჩევანის წინაშე დავდგებით, რომელი გზა ავირჩიოთ. ჰუმანური ნარკოპოლიტიკა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ნარკომოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდეს. პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებები ამას ნიშნავს”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.