დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს დანა ავიღო ხელში?, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა.
მისი თქმით, თუ იმ პიროვნებას პასუხისგებაში არ მისცემენ, ვინც მას ემუქრება, ის თავად იზრუნებს საკუთარი თავის დაცვაზე.
"მე მაინტერესებს, როცა ეს ადამიანი მემუქრება, როგორ უნდა ვიცხოვრო?! დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს დანა ავიღო ხელში?! ჩემს სახლთან არის კორპუსის დაცვა და მათაც ჰყავთ ნანახი ეს ადამიანი. მან იცის ჩემი სახლის მისამართი, ყველაფერი ჩემს შესახებ. მან ასევე იცის ჩემი მშობლების სახლი. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც, როცა კანონი არის ადევნებაზე, გამოძალვაზე, თუ სახელმწიფო ვართ, არ შეიძლება ასეთი რამ რეაგირების გარეშე დარჩეს. თუ მას პასუხისგებაში არ მისცემენ, კამერების წინ ვაცხადებ, ვიზრუნებ საკუთარი თავის დაცვაზე. მე არ მჭირდება ბოდიგარდები და მცველები, მე ვარ თავისუფალი ადამიანი და გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. თუმცა ჩვენ ყოველდღე ვაშუქებთ ძალადობის თემებს და შეიძლება ვინმე ასევე გამისწორდეს. მე მაინტერესებს ერთი რამ, დამიცვას ჩემმა სახელმწიფო?!”, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ცნობისთვის, ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს.
როგორც გრიგოლია წერს, თავდაცვის მიზნით, დღეიდან შეიარაღებული ივლის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის ფაქტზე საქმე აღძრა.
უწყებამ საქმე 151-ე მუხლის საფუძველზე აღძრა, რაც მუქარას გულისხმობს.