ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების საქმის მთავარი მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს.
აღნიშნული პირი გამოძიებას ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით აძლევს. დაცვის მხარისთვის გაუგებარია, თუ რატომ იკითხება დღეს მოწმე, იმ ფონზე როცა ჯერ კიდევ არაა დადგენილი ექსპერტიზით, ავთენტურია თუ არა ის ვიდეომასალა, რომელიც კლუბებში ნარკოტიკების გასაღების ფაქტებს ასახავს.
"პროცესის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე გაგვაფრთხილეს. ადვოკატებს არ მოგვეცა შესაძლებლობა თანაბარ პირობებში ვყოფილიყავით პროკურატურასთან. მოვუსმენთ მოწმეს, თუმცა რა ფაქტები უნდა დაადასტუროს წინასწარ ვერ გეტყვით. ამ მოწმეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან არავითარი კავშირი არ აქვს. აღნიშნული მოწმე 5 ბრალდებულის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას, თუმცა ჩვენ საპროცესო კანონმდებლობის შესაძლებლობით გვაინტერესებს უშუალოდ რა დამატებითი კითხვები აქვს ბრალდების მხარეს და ამავე დროს ჩვენი იქ ყოფნა ჩვენი ბრალდებულების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაცაა. იქიდან გამომდინარე, რომ გადაღებული ფირების ავთენტურობა დადგენილი არაა, თუნდაც ამიტომ დღეს ეს მოწმე არ უნდა დაკითხულიყო. უნდა დაასაბუთოს პროკურატურამ რატომ გახდა საჭირო ამ მოწმის ასე უცებ დაკითხვა“, - განაცხადაჟურნალისტებთან ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ნინო ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, 12 მაისს, კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედბები ჩატარდა. ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტზე 8 პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.