თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჩვენებას ერთ-ერთი ბრალდებული აძლევს.
როგორც ჟურნალისტებთან მისმა ადვოკატმა, ინგა შარაშენიძემ განაცხადა, ბრალდებული სასამართლოზე სრულ სიმართლეს ისაუბრებს.
"დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს ჩვენების მიცემას და სასამართლოსთვის სრული სიმართლის თქმას, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს. რა თქმა უნდა, ისაუბრებს სრულად იმ ახალ გარემოებებზე, რომელზეც გამოძიება გაგრძელდება და ძალიან ბევრი გარემოება დადგინდება, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე, ასევე სხვა პირზე. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ მის მიერ მიცემული ჩვენებით ბევრი რამ დადგინდება და გამოძიება გაგრძელდება, რომელიც პროკურატურას გამოყოფილი აქვს. გამოიკვეთება სხვა დამნაშავე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემული ჩვენება გამოძიების დაწყების საფუძველი არ გახდება, მაგრამ გამოყოფილ გამოძიებაში გაგრძელდება თუ ვინ, ვის, როდის მიაყენა დაზიანება და რა მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან", - აცხადებს შარაშენიძე.
რაც შეეხება ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის დაკითხვას, რომლის შვილიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს, როგორც ადვოკატი აცხადებს, აღნიშნული მოწმის დაკითხვა მისთვის მნიშვნელოვანი არ იყო.
"ეს ჩემი უფლებაა, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, რატომღაც გადავწყვიტე რომ სასამართლოზე არ უნდა მომეყვანა. სუბელიანი ჩემთვის მთავარი მოწმე არ არის, აქედან გამომდინარე, მისი დაკითხვა ჩემთვის არაფრის მომცემი იყო.რაც შეეხება სხვა მოწმეებს, ჩემი, დაცვის მხრიდან 27 მოწმე იქნა დაკითხული", - აცხადებს შარაშენიძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.