საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, პრემიერ-მინისტრის პარლამენტისთვის წელიწადში ორჯერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას ითხოვს. ამისთვის კი ცვლილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ უნდა შევიდეს.
რომან გოცირიძის ინიციატივით, რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.
რომან გოცირიძის განცხადებით, რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის განხორციელების გაძლიერება.
„პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სამთავრობო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულების სიხშირის ზრდა. რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მისი მიღება კი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.