ამ სასამართლოს გაგრძელებას აზრი არ აქვს, ეს არის მხოლოდ ფორმალობა და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. დღეს უკვე იცის მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა, რა განაჩენს გამოიტანს ბრალდებულ ჯანაშიას და სააკაშვილის მიმართ - განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასიალაიმ.
როგორც ბასიალაია განმარტავს, სასამართლო ტენდენციურია და დაცვის უფლებას ზღუდავს.
„ბრალდების მოწმეს, რომელიც ნამდვილად ბრალდების დაკვეთით მოქმედებს, მიაჩნია, რომ მისი არაკომპეტენტურობის, ტენდენციურობის მხილება არის მასზე ზეწოლა. მას უნდა ყველაფერზე თავს ვუქნევდეთ და ბრალდების მიერ შეკერილ დასკვნასთან დაკვშირებით კრიტიკულ კითხვებს არ ვუსვამდეთ. კრიტიკული კითხვები კი მას პიროვნულ შეურაცხყოფად მიაჩნია. ასეთი მოწმის ჩვენება საერთოდ როგორ უნდა იყოს გაზიარებული?! თუმცა ამ მოწმეზე საუბარი მეორეხარისხოვანია, რადგან მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - მოცემული სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, არათუ მოწმე, სასამართლოა ტენდენციური. სასამართლო ახდენს პროცესის იმდაგვარად წარმართვას, რომ დაცვის უფლებას ზღუდავს, წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული აზრი და ნებისმიერი კრიტიკული შეკითხვა, რომელიც ამ წინასწარჩამოყალიბებულ აზრს ანგრევს, მოსამართლისთვის არის მიუღებელი“, - აცხადებს ბასილაია.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ აუდიტორის, ნოდარ ვეკუას დაკითხვას.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. საუბარია, 9 მილიონ ლარზე.