ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადება გაიმეოროს და განმარტოს, მისი იდეა რაში მდგომარეობს.
„ალბათ, უნდა ვთხოვოთ, გაიმეოროს და გაგვაგებინოს, ამით რისი თქმა სურდა, რა იდეის რეალიზებას ახდენს. უფრო მეტიც, როცა საქმე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას ეხება და ამ მომენტში ამ საკითხის დაყენება ხდება, გაუგებრია. ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს. რამის თქმა ძალიან გამიჭირდება, მისი განცხადება მოულოდნელი იყო. საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, მისი ორაზროვანი განცხადება გაუგებარია და მოკლებულია არა მხოლოდ რეალობას, ჩვენი ქვეყნის, მთავრობისა და პარლამენტის პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ კონტექსტიდან და შინაარსიდან მთლიანად ამოვარდნილია“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება და მათ შორის ისიც, რუსეთთან სასაუბროდ მზად არის.