„ევროპული საქართველო“ საარჩევნო რეფორმას ითხოვს, რომლის ფარგლებში მაჟორიტარული ოლქების გამსხვილება და ერთმანდატიანის ნაცვლად, სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლა მოხდება. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, გააკეთა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ვერ ასახავს ხალხის განწყობას და პირველ ადგილზე გასულ პარტიას აძლევს ყველა მანდატს“. ამიტომ პარტია გამოსავალს საარჩევნო რეფორმაში ხედავს.
,,ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას, ვინც არ უნდა იყოს ეს, ექნება მაჟორიტარული მანდატების 1/3. მაჟორიტარული მანდატების 1/3-ს ავტომატურად წაიღებს ოპოზიცია და მეორე ადგილზე გასული პარტია, ხოლო დარჩენილი 1/3 გადანაწილდება შეთანხმებული ფორმულით. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ვინც არ უნდა იყოს პირველ ადგილზე გასული პარტია და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ ვეღარ იქნება პირველ ადგილზე გასული პარტია, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „ქართული ოცნება“ თუ ნებისმიერი სხვა პარტია, ერთი პარტიის მხრიდან არ მოხდება ყველა მანდატის ჯიბეში ჩადება,“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ამ სისტემის დანერგვით კი „ ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, სადაც იქნება მეტი პოლიტიკური ძალა, რომელიც უკეთესად ასახავს მოსახლეობის ინტერესებს, განწყობას და იქნება უფრო სამართლიანი განაწილება“. ამასთან, ის აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ მათ შეთავაზებას საკონსტიტუტციო ცვლილება არ დასჭირდება. დარჩება ისევ 74 მაჟორიტარული ოლქი და საკმარისი იქნება მხოლოდ „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილება.