"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას, დაიკითხება რამდენიმე მოწმე. ასევე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ იქნება წერილობითი მტკიცებულებები, რაც სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით იქნა წარდგენილი", - განაცხადა ჟურნალისტებთან პროცესის დაწყებამდე, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.
როგორც ის განმარტავს, დღევანდელ პროცესზე 5 მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი. აღნიშნული მოწმეები სასამართლოს მნიშვნელოვან დეტალებს მიაწვდიან.
"მოწმეებიდან დაიკითხება ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც უშუალოდ მივიდა შემთხვევის ადგილზე კონფლიქტის დასრულებისთანავე და ნახა ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ასევე დაიკითხება ორი პიროვნება, რომლებიც ამავე საქმეზე ბრალდებულებად იქნენ მხილებული და წარდგენილი აქვთ ბრალი დანაშაულის დაფარვაში, ხსენებული პირები სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ასევე, დაიკითხება 3 მოზარდი, რომლებმაც ფაქტობრივი გარემოებები ვერ იხილეს, შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან, თუმცა, გარკვეულ ვითარებებზე შეუძლიათ ისაუბრონ, თუ რა ვითარებაში ნახეს მათ ერთ-ერთი ბრალდებული, როცა შემთხვევის ადგილს მივიდა ხსენებული და მისი თანმხლები პირი. ეს დეტალები საქმისათვის მნიშვნელოვანია, იმ მოცულობით, რომ დადასტურდეს საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების სისწორე", - აცხადებს ფხაკაძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.