24 აპრილიდან დაგეგმილია პოლიციელთა სპეციალიზაციის პირველი კურსი და ვიწყებთ მათ სპეციალიზაციას ოჯახური დანაშაულების კუთხით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა პოლიციის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან შეხვედრები დაიწყო.
„ჩვენ ვხვდებით არა მხოლოდ მენეჯერებს, არამედ თითოეულ გამომძიებელს, რომელიც პოლიციის დაწესებულებაში მუშაობს. მათ ვაცნობთ სისხლის სამართლის პოლიტიკას, თუ როგორი ხედვა აქვს სამინისტროს ამ დანაშაულებთან მიმართებით“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შემაკავებელი ორდერის გაცემის შემდეგ რას სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ ქალს შსს, თოლორაიამ აღნიშნა, რომ გამოცემული შემაკავებელი ორდერის შემდეგ შსს-ს ფუნქციაა, პროცესს მონიტორინგი გაუწიოს, არღვევს თუ არა მოძალადე მისთვის დაწესებულ შეზღუდვებს.
„ორდერით მოძალადეებს სერიოზული შეზღუდვები უწესდებათ ხოლმე. მათ ეკრძალებათ მსხვერპლთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ შემთხვევაში, თუ ამაზე ხელი მიუწვდებათ, შესაძლოა, ცეცხლსასროლ იარაღთან გათვალისწინებული შეზღუდვები დაუწესდეთ“, – დასძინა თოლორაიამ.