უზენაესი სასამართლო მიხეილ ქარელის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით მიხეილ ქარელი ცნობილია დამნაშავედ კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლის (სსკ-ის 190-ე მუხლი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი), სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის (სსკ-ის 337-ე მუხლი) და ქრთამის აღების (სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ","გ","დ" და "ე" ქვეპუნქტებით) ბრალდებებით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით. ამასთანავე, ამჟამად მ. ქარელზე გამოცხადებულია ძებნა.
"გარდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ზემოაღნიშნული სასჯელისა, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულ-გუბერნატორს მიხეილ ქარელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა სამი წლის ვადით, რაც ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულ მიხეილ ქარელს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან სამი წლის განმავლობაში ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში", _ ნათქვამია განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 604-ე მუხლის შესაბამისად, ქარელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ასლი _ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ნაწილში, აღსასრულებლად გადაეგზავნა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.
"ამასთანავე "საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის თანახმად, "მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო~ და იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ქარელი გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან, ხოლო რწმუნებულ-გუბერნატორის დანიშვნის ან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა უშუალოდ შედის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაში და, აგრეთვე, ვინაიდან მ. ქარელს, დამატებითი სასჯელის სახით, სამი წლის განმავლობაში აეკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, განაჩენის ასლი, მოსამართლის თანაშემწის მიერ ასევე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რაც სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს", _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ 5 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქარელის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის დავალებით უკანონოდ გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რითაც მათ ეცნობათ ქარელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესახებ.