სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ავიაკომანია Myway Airlines-ის განაცხადი 10 მიმართულებით საჰაერო ხაზებზე რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე დააკმაყოფილა.
Myway Airlines-ს ფრენებს თბილისი-თელ-ავივის, თბილისი-მოსკოვის, თბილისი-ჟუკოვსკის, თბილისი-სამარას, თბილისი-სანქტ-პეტერბურგის, თბილისი-თეირანის, თბილისი-კიევის, თბილისი-მინსკის, თბილისი-დუბაის და თბილისი-პეკინის მიმართულებით გეგმავს.
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე ოპერირებას მაისის ბოლო რიცხვებიდან დაიწყებენ.
„ფრენები თავდაპირველად თეირანის, კიევის, მინსკის, თელავივის და დუბაის მიმართულებით განხორციელდება, წელსვე დაგეგმილია რეისების შესრულება მოსკოვში, ჟუკოვსკის აეროპორტში, სამარაში და სანქტ-პეტერბურგში. აგვისტოდან კომპანია ავიარეისების განხორციელებას პეკინში, ურუმჩის გავლით გეგმავს. კომპანიის ავიაპარკი Boeing-737 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი, მესამე თვითმფრინავს ივლისის დასაწყისში, მეოთხეს კი დეკემბერში ველოდებით“,- აცხადებს Myway Airlines -ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური.
აღსანიშნავია, რომ Myway Airlines-მა პირველი ჩარტერი - საინფორმაციო ფრენა უვე განახორციელა. პირველმა ეკიპაჟმა ბორტზე მედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ბაზარზე ოპერირებად ტურისტულ სააგენტოებს და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ფრენის ფარგლებში ქართულმა ავიაკომპანიამ თბილისი-თეირანი-თბილისის რეისი განახორციელა.
ირანის გაერთიანებული აეროპორტების წარმომადგენლებმა, ოფიციალურ შეხვედრაზე, ავიაბაზარზე, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ქართულ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
„ მოხარულები ვართ, რომ Myway airlines- მა პირველი რეისი სწორედ თეირანის მიმართულებით შეასრულა. იმედი გვაქვს, რომ ეს რეისი პოპულარობას მოიპოვებს. თბილისსა და თეირანს შორის ფრენები არ უნდა იყოს მოკლევადიანი, . იმედი გვაქვს რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ფრენების რაოდენობაც გაიზრდება. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ირანის გაერთიანებული აეროპორტების დირექტორის მოადგილე მუჰამედრიზო ფერდიმ.
Myway Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) მიმდინარე წლის იანვრის თვეში მიენიჭა. გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა კი კომპანიამ თებერვლის თვეში აიღო.
ამ ეტაპზე ავიაკომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული და მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. წლის ბოლომდე კომპანის 250 თანამშრომელი ეყოლება. Myway Airlines -ის საფრენოსნო სამსახურის უფროსის, სიმონ ჯამბაზიშვილის განცხადებით, ავიაკომპანია სრულად ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული. „ვფიქრობ, რომ ქართული ავიაციის მთავარი მიღწევა იმ ქართველი პროფესიონალი მფრინავების სამშობლოში დაბრუნებაა, რომლებიც წლების განმავლობაში, ნებით თუ იძულებით იყვნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ გადახვეწილები“- აცხადებს სიმონ ჯამბაზიშვილი
Myway Airlines-ის მენეჯმენტს საწყის ეტაპზე განვითარების 3 ნაწილიანი სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში კომპანია რეისებს თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც განახორციელებს. კომპანიის მიზანია, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ჰაბის ფუნქცია დაუბრუნოს.