" ე.წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენა ამიერიდან ახალი სქემის მიხედვით წარიმართება. ეს განცხადება შუვალოვმა ცხინვალში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად გამართულ თათბირზე გააკეთა.
მისი სიტყვებით, "თათბირის დროს მიიღეს გადაწყვეტილება დაფინანსების მეთოდის შეცვლის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკის ადმინისტრაციული სისტემა მნიშვნელოვნად გამყარდა".
რუსეთის მთავრობის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი ასევე აცხადებს, რომ აღდგენითი პროცესის კონტროლისათვის შეიქმნება ახალი მთავრობათაშორისი კომისია, რომელსაც რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების მინისტრი უხელმძღვანელებს.
"კომისიისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობის ურთიერთქმედებით 2010 წლისათვის დაგეგმილი ყველა სამუშაო დასრულდება. ხოლო 2011 წლის 1-ლი იანვრიდან სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის განვითარების ახალი გეგმა ამუშავდება", _ განაცხადა შუვალოვმა.
შუვალოვს, როგორც მოსალოდნელი იყო, დაეთანხმა ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი. "თათბირზე განვიხილეთ ზოგი სტრუქტურის მუშაობის მიზანშეწონილობა, რომლებიც ხელს უშლიან სამხრეთ ოსეთის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას. ამიტომაც ამ სტრუქტურების რეორგანიზება უნდა მოხდეს", _ განაცხადა კოკოითმა.