სეპარატისტულ აფხაზეთში პირველად ე.წ. საზღვარგარეთის ეროვნული 39 პასპორტი უკვე გასცეს. ეს განცხადება სეპარატისტთა ე.წ. საპასპორტო-სავიზო სამსახურის უფროსმა ვალერი მალიამ გააკეთა.
მისივე თქმით, ამ დოკუმენტის მიღებისათვის აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებს განაცხადის შეტანა, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეუძლიათ. პასპორტის ღირებულება 360 რუსული რუბლია.
"აფხაზური საზღვარგარეთის პასპორტები რუსეთშია დამზადებული. დოკუმენტი ყველა საერთაშორისო მოთხოვნას პასუხობს და მას დაცვის უმაღლესი ხარისხი აქვს", _ აცხადებს მალია.
აღნიშნული "საზღვარგარეთის" პასპორტი ლურჯი ფერისაა და 36 გვერდიანია. ყველა გვერდზე გამოსახულია აფხაზეთის ე.წ. გერბი, რიწის ტბა, სოხუმის სანაპირო და "უძველესი აფხაზური ორნამენტები".
პასპორტის გარე მხარეს ვერცხლისფრად აწერია - აფხაზეთის რესპუბლიკა, სამ ენაზე - აფხაზურად, რუსულად და ინგლისურად. ყდის ქვემო ნაწილში აწერია - პასპორტი - ასევე სამ ენაზე.
პასპორტის მფლობელის ვინაობა ორ ენაზე - რუსულად და ინგლისურად მითითებულია პასპორტის ბოლო გვერდზე.
აფხაზური მხარე ასევე აღიშნავს, რომ იმის გამო, რომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ ჯერობით მხოლოდ ოთხ ქვეყანას - რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს აქვს აღიარებული - ამ პასპორტებით აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებს მხოლოდ ამ ქვეყნებში შეუძლიათ გამგზავრება.
მასალის გამოყენების პირობები