აგვისტოში რუსები სეპარატისტულ აფხაზეთში, კერძოდ, ქალაქ ოჩამჩირეში არქეოლოგიურ გათხრებს იწყებენ. "არქეოლოგიური გათხრები დაიწყება იქ სადაც დაფიქსირებულია ბერძნული კოლონიზაციის კვალი და რომის იმპერიის, ბიზანტიისა და გენუელი ვაჭრების ყოფნა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათი ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრები ორგანიზებულია სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ რუსული გეოგრაფიული საზოგადოების დახმარებით. გათხრების ორგანიზებაში ასევე ჩართულია რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ არქეოლოგიური გათხრები აფხაზეთის ე.წ. ისტორიულ-კულტურული დაცვის სამმართველოს პატრონაჟით განხორციელდება. "რომელიც არა მხოლოდ მზადაა არქეოლოგებს დაეხმაროს, არამედ ყველა არქეოლოგიური აღმოჩენა გააკონტროლოს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, ეს პროექტი გათვლილია მუდმივმოქმედი სტაციონარული ბაზის შექმნაზე, სანკტ-პეტერბურგის მთავარი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, ასევე მომავალი არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისათვის. ეს ბანაკი ყველა თანამედროვე მოთხოვნას უპასუხებს.