აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აგრძელებს მაღალმთიან აჭარაში პროექტების მიმდინარეობის ადგილზე გაცნობას. დღეს მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიანი აჭარის ორი უმნიშვნელოვანესი კურორტის - "ბეშუმის" და "გოდერძის" განვითარების ფარგლებში არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. რეგიონის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სადაც დათბობისთანავე დაგეგმილია ახალი სამუშაოები. ზურაბ პატარაძემ კურორტ ბეშუმის საგზაო ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების შესახებ ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისაგან მოისმინა და ელექტროსისტემების გადამცემი ხაზის ბეშუმის ქვესადგურის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
დახურული ტიპის 110/35/10 კვ ქვესადგური ბეშუმი მნიშვნელოვანწილად აუმჯობესებს ადგილობრივი ელექტრომომარაგების
პირობებს, რაც ხელს უწყობს ხულოს მუნიციპალიტეტში საკურორტო
ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი დახურული ტიპის ქვესადგური, რომელიც ამარაგებს კურორტ ბეშუმს და მის მიმდებარე სოფლებს. 2013 წელს განხორციელდა ბეშუმის ქვესადგურის დისტანციურ მართვაზე გადასვლა და მისი მართვა თბილისიდან, ეროვნული სადისპეტჩეროდან გახდა შესაძლებელი.
აღნიშნული კურორტების განვითარებას ელექტროსისტემების მოწესრიგებასთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც წელს, შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე იგეგმება.