პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანჟელა ვასილენკო ჩვენების მისაცემად მზად არის - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა.
როგორც ის განმარტავს, ვასილენკო გერმანიის მოქალაქეა, შესაბამისად, მის გამოკითხვამდე პროკურატურას საერთაშორისო ნორმების დაცვა მოუწევს.
„ბატონი პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ქალბატონი ანჟელა ვასილენკო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეა, გერმანიაში ცხოვრობს. შესაბამისად, მისი დაბარება და გამოკითხვა სისხლის სამარათლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს, რაც გერმანიაში მიმართვის განსხვავებული წესით გაგზავნას გულისხმობს, ასევე მგზავრობის ხარჯების, ასევე იმ განაცდურის ანაზღაურებას, რომელიც შესაძლოა, მას სამსახურის დატოვების შედეგად მიადგეს. ყველა პეროცედურის გავლის შემდეგ, ის რა საკვირველია, გამოცხადდება და ჩვენებას მისცემს, ის თანამშრომლობისთვის მზად არის“, - აცხადებს ბარათავშილი.
ადვოკატისთვის ჯერ უცნობია, ვასილენკო ჩვენებას სასამართლოში მისცემს თუ საგამოძიებო ორგანოში. რაც შეეხება იმას, თუ როდის გამოკითხავენ ბურჭულაძის მეუღლეს, ეს გამოძიებაზე და იმ პროცედურებზეა დამოკიდებული, რომლის გავლაც მათ მანამდე მოუწევთ.
„თუ როდის გამოკითხავენ მას, ეს უკვე გამოძიებაზეა დამოკიდებული. ვასილენკო ყველა იმ შეკითხვაზე გასცემს პასუხს, რომელიც გამოძიებას ექნება“, - დასძენს ბარათაშვილი.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში ფონდ „იავნანადან“ თანხების არამიზნობრივად გაფლანგვის საქმეზე დაიბარეს.