საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ტუღუში სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც გიგი უგულავა გაამტყუნეს.
"ევროპული საქართველოს" წევრის განცხადებით, ხელისუფლებამ ამჯერად გიგი უგულავას წინააღმდეგ მაშინ გადაწყვიტა სასამართლო გადაწყვეტილებით მანიპულირება, როცა ის ვანი/ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს და ყველაზე ძლიერი კანდიდატია.
„სამწუხაროა როცა ქართული ოცნების ხელისუფლება აგრძელებს სასამართლო ხელისუფლების გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ჩვენ უკვე მეექვსე წელია ამას ვუყურებთ. ხელისუფლებამ ამჯერად გიგი უგულავას წინააღმდეგ მაშინ გადაწყვიტა სასამართლო გადაწყვეტილებით მანიპულირება, როცა ის ვანი/ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს და ყველაზე ძლიერი კანდიდატია. ხელისუფლება ასე ცდილობს ზეწოლის მოხდენას. ეს შედეგს ვერ გამოიღებს. გიგი უგულავა გააგრძელებს გამარჯვებისთვის ბრძოლას.
დროა საქართველოში დასრულდეს ოპონენტების დევნა. ჩვენ უკვე გვაქვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც პირდაპირ ადასტურებს რომ ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებით იყენებს მართლმსაჯულებას. სასამართლომ დაადგინა რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევა იყო. აქედან გამომდინარე, დროა ისტორიას დავუტოვოთ ასეთი ქცევა და პოლიტიკურ ოპონენტებს მივცეთ საქმიანობის საშუალება", - განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გიორგი ტუღუშმა.