ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროსაა შეძენილი და მათ მიერვეა გაფუჭებული, - ასე გამოეხმაურა ქუთაისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, მერიის ბალანსზე არსებული ავტოპარკის გაყიდვის შესახებ.
მერიაში აღნიშნავენ, რომ ამ ავტომობილების შენახვა ბიუჯეტს ძალიან ძვირი უჯდება.
"ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების" დროსაა ნაყიდი და მათ მიერვეა გაფუჭებული. დღეს ამ ავტომობილების შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ბიუჯეტს. გასულ წლებში ავტომობილების შეკეთებასა და მომსახურეობაზე 64 000 ლარი იხარჯებოდა. ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში აღნიშნული ხარჯი 24 000 ლარი გახდა. ის ავტომობილები, რომლის შეკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება, ქალაქის მერია აღარ გაარემონტებს და გაყიდის. ჩვენ ვცდილობთ, ეკონომია გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გავწიოთ",- აღნიშნავენ მერიაში.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვის იდეით მიმართავს.