ღმერთმა ქნას ჩემი შვილი და არჩილი იყოს ბოლო მსხვერპლი ოკუპაციური რეჟიმის, - ამის შესახებ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე მისი შვილის მკვლელი რომ დასჯილიყო, ტატუნაშვილის მკვლელობა აღარ მოხდებოდა.
„თავის დროზე ჩემი შვილის მკვლელობის დროს გამოძიებას რომ ეთქვა გარკვევით, დაესახელებინა და ყოფილიყო იმით დაინტერესებული, თუ რის გამო მოხდა ჩემი შვილის მკვლელობა და დამდგარიყო ყველა თავის სიმაღლეზე, მაშინ ალბათ ეს არ იქნებოდა", - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ახლა მაინც არ უნდა გაუშვას ხელიდან შანსი და გამოიყენოს ოთხოზორიას და ტატუნაშვილის სიკვდილი იმისთვის, რომ სახელმწიფოებს დაუმტკიცონ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და საქართველოს ჰყავს ხელისუფალი, რომელიც იცავს თავის მოქალაქეს, რაც, მისივე თქმით, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მისივე განცხადებით, ოთხოზორიას სიკვდილში დამნაშავე რუსეთი რომ იყო, ამას მაშინ ხაზი არ გაესვა.
„დამნაშავე რომ იყო რუსეთი, ამას მაშინ ხაზი არ გაესვა. არ ვიცი ვის ველოლიავებით და რატომ ველოლიავებით. ღმერთმა ქნას ჩემი შვილი და არჩილი იყოს ბოლო მსხვერპლი ოკუპაციური რეჟიმის, თუმცა თუ ხელისუფლება არ გაითავისებს, რომ დადგეს თავის სიმაღლეზე და აკეთოს ყველამ ის საქმე რაც ევალება, ღმერთმა ნუ ქნას და ჩვენი შვილები იყვნენ ბოლო", - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოამზადა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა, თუმცა დახმარების ხელი ხელისუფლებას არც ამ პროცესში გამოუწოდებია.