"საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს დაარეგისტრიროს მოთხოვნა სპეციალური რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებთ, რომელიც ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტატუნაშვილის თავისუფლების და სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.
"ჩვენ, დიდი ალბათობით, რეზოლუციაში აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება და ასევე, გავაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელდეს საერთაშორისო მონიტორინგი და ის მექანიზმები, რომელიც მონიტორინგზე და პრევენციაზე მუშაობენ, შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, ვინაიდან მიგვაჩია, რომ ამგვარი შემთხვევების და ადამიანის უფლებათა ასეთ დარღვევების პრევენციისთვის სწორედ საერთაშორისო მონიტორინგი იქნება ყველაზე ადეკვატური რეაგირება.
რა თქმა უნდა, რეზოლუციაში სხვა ასპექტებზეც იქნება ყურადღება გამახვილებული და ვფიქრობთ, რომ უკვე მომდევნო პლენარულ სესიაზე, უმრავლესობის სახელით, მოხდეს ინიცირება.
საპარლამენტო ოპოზიციაც საუბრობდა გასულ სესიაზე ამ საკითხზე და ბუნებრივია, ეს არის ის თემა, სადაც პარლამენტში, ვფიქრობ, მრავალპარტიული კონსენსუსი და ერთიანი მხარდაჭერა იქნება, ვინაიდან ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები ცალსახაა და ყველა საერთაშორისო ანგარიშშია საუბარი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.