დღეს, 6 ოქტომბერს, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პერ სტინგ მიოლერი თბილისიდან სოხუმში გაემგზავრება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტინგ მიოლერმა 5 ოქტომბერს პარლამენტში გამართული შეხვედრისას კონფლიქტების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დეტალურად ისაუბრეს ქართულ-რუსულ ურთიერთბობეზე და იმ საფრთხეეებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და რომლის გამორიცხვაში გადამწყვეტი როლი ევროკავშირის აქტიურ პოზიციას ეკისრება.
ბაქრაძის თქმით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ევროკავშირმა ბოლომდე უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს.
მისი თქმით, პერ სტინგ მიოლერი 6 ოქტომბერს სოხუმში მიემგზავრება და შეეცდება პირდაპირი კომუნიკაციის გზით გაარკვიოს, არსებობს თუ არა მხარეებს შორის პირდაპირი კონტაქტების გაღრმავების შესაძლებლობა. თუმცა, ბაქრაძეს მიაჩნია, რომ რუსეთთან მუშაობის, დეოკუპაციის და რუსეთის არმიის საქართველოს ტერიტორიებიდან გაყვანის გარეშე, პირდაპირ ურთიერთობებში გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია.
"თუმცა, ცხადია, ამ ურთიერთობისთვის მზად ვართ", - განაცხადა ბაქრაძემ.