მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ქალიშვილსა და მისი სახელობის ფონდის თანადამფუძნებელ ჟანა ნემცოვას. იუწყება Deutsche Welle
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობის ორთვიანი ვადა ამოქმედდება იმ მომენტიდან, როდესაც ნემცოვა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა ექსტრადიციის ან დეპორტაციის შემთხვევაში, ან რუსეთის ტერიტორიაზე მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან.
ჟანა ნემცოვას ბრალად ედება იმ უცხოური ან საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება, რომელიც რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ არის გამოცხადებული.
თუმცა, სასამართლოს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან მას.
DW-სთან კომენტარში ჟანა ნემცოვამ განაცხადა, რომ საქმე მის მონაწილეობით შექმნილ ფონდს ეხება.
„რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას აღიზიანებს ყველა ორგანიზაცია და ადამიანი, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდის, უკრაინას უჭერს მხარს, ასევე იცავს ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს - იმ ღირებულებებს, რომლებსაც პუტინი ახშობს“, - თქვა მან.
მისი თქმით, ნემცოვის ფონდი მხარს უჭერს რუსულ დამოუკიდებელ მედიას ემიგრაციაში, საგანმანათლებლო პროექტებს და იცავს იმ რუსეთის მოქალაქეების უფლებებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომსა და პუტინის რეჟიმთან უთანხმოების გამო დატოვეს.
ნემცოვას თქმით, მისთვის „გამოცანად რჩება“, რატომ მიიღეს რუსეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა.
„თუმცა ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლების გააქტიურება დამოუკიდებელი ორგანიზაციების განადგურებისა და საზოგადოებრივი ლიდერების მიმართ ზეწოლის მიმართულებით შესაძლოა დაგეგმილ ესკალაციაზე მიანიშნებდეს“, - აღნიშნა მან.
ნემცოვა ბორის ნემცოვის თავისუფლების ფონდის (Boris-Nemtsov-Stiftung für die Freiheit) თანადამფუძნებელია. 2024 წლის აპრილში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ეს ფონდი „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა.
ნემცოვამ რუსეთი 2015 წელს, მამის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ დატოვა.
.