ქალაქი გაჭედილია, დენი აღარ არის. საბოტაჟებზე გველაპარაკებიან, მაგრამ ვერაფერს აგვარებენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიების საბოტაჟის მუხლით დაწყებას გამოეხმაურა.
"ქალაქი გაჭედილია, დენი აღარ არის. საბოტაჟებზე გველაპარაკებიან, მაგრამ ვერაფერს აგვარებენ. ქალაქში ტრანსპორტი აღარ არის, ხალხი მეტროში იჭედება. ანუ ქვეყანა არ იმართება, სად არიან წასული არ ვიცი, არავინ არავითარ განცხადებას არ აკეთებენ. მგონი, რუსეთში გაიქცნენ, შეიძლება, ხვალ დილით გავიღვიძოთ და აღმოვაჩინოთ, რომ აღარ არიან. ასე რომ მოვემზადოთ, ბოლო ახლოს არის"- განუცხადა ზურაბიშვილმა "ტვ პირველს".
მისი თქმით, საბოტაჟის თემას ყველა დიქტატორული რეჟიმი იყენებს თავისი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. ზურაბიშვილის თქმით, ზედიზედ ორჯერ ელექტროენერგიის გათიშვა, აფრიკის ქვეყნებშიც კი არ ხდება.
შეგახსენებთ, 24 და 25 ივლისს, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა. გაჩერდა მეტრო, საქართველოს რკინიგზა. მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა წყალი.