ხმაურიანი აღმოჩნდა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა. პროცესის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და სოსო რობაქიძეს შორის სასამართლოს ეზოში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
„ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი“, - ასე მიმართა რობაქიძემ ოქრუაშვილს.
„სოსო, შვილი დაგეღუპა. შენ კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა, მოგცემ იარაღს და მოსთხოვე პასუხი“, - ასე უპასუხა ყოფილმა შსს-ს ყოფილმა მინისტრმა რობაქიძის რეპლიკას.
რობაქიძეს ოქრუაშვილის მისამართით კითხვები აქვს, მათ შორის ის, იარაღი ჩაუდეს თუ არა მოკლულ ბუტა რობაქიძეს.
“როგორც თქვენ თქვით, ოპოზიციაში იმიტომ გადადიოდით, რომ გახშირდა კაცკვლა პარტიაშიო. რაღაც არ მოგწონდათ აშკარად. თქვენ შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მალე გადახვედით თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შენ და მიხეილ სააკაშვილი ერთი გუნდი იყავით. პატრულის სახის შენარჩუნებაზე „იჩალიჩეთ“ ყველამ. ნახევარი თქვენს ხელში არის დანიშნული, რამდენი ადამიანი უნდა მოკლან? იმდენი ადამიანი გააუბედურეს, შენც მოსაკლავი იქნები. მე ერთ რაღაცას გეკითხები: იარაღი ჩადებული იყო თუ არა?“, - მიმართა რობაქიძემ ოქრუაშვილს.
მანამდე კი, სასამართლო პროცესზე მან შსს-ს ყოფილ მინისტრს სთხოვა, სიმართლე ეთქვა. მას სასამართლო დარბაზი ოქრუაშვილის დაკითხვის პარალელურად რეპლიკების წამოძახების გამო დაატოვებინეს.
„ჩემი მინისტრობის პერიოდში მოხდა დანაშაული, მაგრამ 2004 წლის ზაფხულში მე ხელი მოვაწერე შსს-ში 40 ათასამდე ადამიანის დანიშვნას. ეს არ ნიშნავს, რომ 40 ათასივეს საქციელზე პასუხს ვაგებდი. ბებიაჩემის ქელეხში 500 ადამიანი იჯდა, მაგრამ ის ადამიანები რას აკეთებდნენ იქ, მე თითოეულ მათგანზე პასუხს ვერ ვაგებ. მითუმეტეს, რომ თუ დანაშაული მოხდა, პროკურატურის ქვემდებარე იყო საქმე თავიდანვე და მას უნდა გაემოეძიებინა“ - განაცხადა პროცესის შემდეგ ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან. აღნიშნულზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზაზა ბაქრაძე, დავით იაშვილი და ზურა მიქაძე.
სწორედ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხეს დღეს ირაკლი ოქრუაშვილი.