,,კახი კალაძეც უშვებს ძალიან ტრადიციულ, ფუნდამენტურ შეცდომას მსგავსად ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნებისა”, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას განსაზღვრავს ხელისუფლება. ოპოზიციას განსაზღვრავს ხალხი და მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის’’ – ასე პასუხობს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
,,ხელისუფლების ვალდებულებაა ესაუბროს ოპოზიციას მათშორის მათ, რომელიც არ მოსწონთ იმიტომ, რომ ეს გადაწყვიტა ხალხმა. თუ ამას ვერ გაიგებს თბილისის მერი მას ძალიან გაუჭირდება რომ დემოკრატიულ ჩარჩოში რეალურად წარმოადგენდეს მთლიანად თბილისს და არა ქართულ ოცნებას. ჩვენ, ევროპული საქართველო ვართ შედეგზე ორიენტირებული ოპოზიცია. ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ ხალხის ხმა ვიყოთ და მათი სატკივარი მივიტანოთ, მაგრამ აქ გადამწყვეტი არის შედეგი რამდენად ეს ხალხის დაკვეთა იქნება ასრულებული და მიღებული ქართული ოცნების მხრიდან. ტაქსების მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სადაც ჩვენ სხვადასხვა გააზრებული არგუმენტით ავხსენით თუ რატომ არ შეიძლება გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე მოძრაობის მოწესრიგება ან ეკოლოგიის ვითომ გაუმჯობესება, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ მოულოდნელად ვნახეთ რომ უკვე პარლამენტში არის შეტანილი რეგულაცია, რომელიც პირველ რიგში დაარტყავს გაჭირვებულ ადამიანებს და რეალურად ეს გამოსწორების გზა არ არის. შედეგი პირველ რიგში უნდა იყოს ხალხისთვის და ამ შედეგზე ვიქნებით ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული,’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კახა კალაძემ დღეს, ის მიზეზი განმარტა, რის გამოც მისი მოადგილე, სოფიო ხუნწარია საკრებულოში, ოპოზიციასთან და ბიბლიოთეკარებთან შესახვედრად არ მივიდა. მისი თქმით, დესტრუქციულ ძალასთან არ აპირებს თანამშრომლობას.