თამაზ თამაზაშვილი უარყოფს ბრალდებებს, რომ თითქოს, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა მისი შეკვეთილი იყო. თამაზაშვილმა ამ ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ მისმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, თამაზაშვილს არათუ რაიმე სახის ინტერესი, პირადი ნაცნობობაც კი არ აკავშირებდა მოკულ ჟურნალისტ გიორგი სანაიასთან.
„არასდროს, ერთხელაც კი არ ყოფილა მათი გადაკვეთა. სანაიას იცნობდა ისე, როგორც ყველა - ტელევიზიით. მასთან არც პირადი, არც ზოგადი ინტერესი არ ჰქონია. მისი თქმით, ოდესმე, ვინმეს საუბარშიც კი ისე მოეხსენიებინა, რომ ინტერესი გასჩენოდა, ამდაგვარიც არ ყოფილაო“, - აცხადებს ადვოკატი.
გელაშვილის განცხადებით, თამაზაშვილს აქვს ახსნა, თუ რის გამო შეიძლებოდა მისი გვარი სანაიას მკვლელობასთან დაეკავშირებინათ. როგორც ადვოკატი განმარტავს, პატიმრობაში მყოფ კოტე ციხისელს სავარაუდოდ, თამაზაშვილთან პირადი ანგარიშები აქვს.
„მას შემდეგ, რაც თამაზაშვილს დაკითხავენ, ის ყველაფერს საჯაროს გახდის. კითხვაზე, იცნობდა თუ არა ის სანაიას, პასუხობს, რომ მასთან ნაცნობობას გამორიცხავს, სამაგიეროდ, ამბობს, რომ ციხისთავს იცნობდა. ის კი მასზე რაღაც საქმესთან დაკავშირებით განაწყენებულია. მას რაღაცაში დახმარება უნდოდა, თამაზაშვილის განცხადებით, ეს მის ძალებს აღემატებოდა და ვერ დაეხმარა. თუმცა, ის, რაც გაცხადდა, მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, ის კატეგორიულად ვერაფერს ამბობს“, - აღნიშნავს გელაშვილი.
მან და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პროკურატურაში განცხადება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით გასული სიუჟეტის შემდეგ შეიტანეს. სიუჟეტში პატიმარი კოტე ციხისთავი აცხადებს, რომ სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა, დამკვეთებს შორის კი, ის თამაზ თამაზაშვილს ასახელებს.
„18 თებერვალს, 9 საათიან კურიერში გავიდა სიუჟეტი თითქოს, ციხიდან დარეკილი ჰქონდა ვინმე პატიმარ ციხისთავს. ის 2001 წელს დაღუპული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელს ასახელებდა და იქვე მიუთითებდა, თითქოს, თამაზაშვილი დამკვეთი იყო. თამაზ თამაზაშვილი მეორე დღესვე დამიკავშირდა, ის ძალიან აღშფოთებული იყო. ეს ადამიანი 2011 წლიდან ასეთი აბსურდული ბრალდებების ქუდის ქვეშ ყოფნას მიჩვეულია, მაგრამ სანაიას ამბავმა მასზე სხვანაირად, მტკივნეულად იმოქმედა. მან მაშინვე მითხრა, რომ მზად იყო გამოძიებასთან ეთანამშრომლა არათუ ვინმეს მიმართვის საფუძველზე, არამედ თვითონ იყო მზად, ამასთან დაკავშირებით გამოძიება მისი განცხადებით დაწყებულიყო.
შესაბამისად, 20 თებერვალს, პროკურატურას მივმართეთ, რომ გამოძიება დაიწყონ, დაკითხული იქნეს თამაზ თამაზაშვილი და ყველა სხვა პირი, ვინც ციხისთავის მიერ გაჟღერდა. გვინდა, რომ ყველაფერი მოკვლეულ იქნას. ჩვენი მთავარი მიზანია, გავარკვიოთ, ციხისთავის უკან ვინ დგას. პრინციპში, ჰიპოთეტურად ყველამ კარგად ვიცით, მის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. ერთი გარემოება მაეჭვერებს - რატომ გამოცოცხლდნენ ახლა? მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი აღარ იყო, ჩათვალეს, რომ პოლიტიკიდან და სხვა რეალობიდანაც ის ჩამოშორებულ იქნა, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობებიდან. ირაკლი ღარიბაშვილი ბიძნა ივანიშვილის ერთგული ბოლომდე დარჩა. მათი გათვლა ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი და მისი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ადამიანი, ირაკლი ღარიბაშვილია და ყოველთვის ცდილობენ თამაზ თამაზაშვილის დისკრედიტაციით დაარტყან“, - აცხადებს გელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წელს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. მას გამჭოლი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან კეფის არეში ჰქონდა მიყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გრიგოლ ხურცილავა დააკავეს. მის საბრალდებო დასკვნაში დაიწერა, რომ მან შურისძიების მოტივით ჩაიდინა მკვლელობა. თუმცა, საზოგადოებას ოფიციალური ვერსიის არ სჯეროდა, თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა მოხდა არა პირადი შურისძიების მოტივით, არამედ, იყო შეკვეთილი, პოლიტიკური მკვლელობა.
2013 წელს, გრიგოლ ხურცილავას ამნისტია შეეხო და პატიმრობიდან გათავისუფლდა.