სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება აფხაზეთის მოსახლეობის აღწერას აპირებს. აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა 2011 წლის 21 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ აფხაზეთის მთიანეთში, კერძოდ, სოხუმის რაიონის მაღალმთიან სოფელ ფსხუსა და კოდორის ხეობის სოფლებში მოსახლეობის აღწერა 2010 წლის ოქტომბერში განხორციელდება - "თოვლის მოსვლამდე.. ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
კომისიას მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებისა და აღწერის განხორციელების შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი ალექსანდრე სტრანიჩკინი ხელმძღვანელობს.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული აღწერის განხორციელებისას აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დამკვირვებელთა მოწვევას აპირებს.
"დამკვირვებლებს მოვიწვევთ იმისათვის, რომ ჩვენი აღწერის ლეგიტიმაცია მოვახდინოთ და იმისათვის, რომ აღწერის შედეგები აღიარებული იყოს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ მივმართავთ გაეროს, დსთ-ს ქვეყნების სტატისტიკის ორგანოებსა და რუსეთის გოსსტატს", _ განაცხადა ე.წ. ვიცე-პრემიერმა.
სტრანიჩკინის განცხადებით, იგი ახლახანს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის "გოსსტატის" წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ასევე ემზადებიან მოსახლეობის აღწერისათვის.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს უფროსის ზოია ავიძბას ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერა ადამიანების სიტყვების მიხედვით განხორციელდება და ამისათვის საჭირო არ იქნება რაიმე სახის დოკუმენტების წარდგენა.
კომისიის წევრებმა უკვე დაამტკიცეს აღწერის ფურცელი, რომელშიც 16 კითხვაა მოცემული.
აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ბოლოს მოსახლეობის აღწერა აფხაზეთში 2003 წელს ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ 1989 წელს ჩატარებული აღწერით აფხაზეთის მოსახლეობა 527 ათას ადამიანს შეადგენდა, თუმცა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ კი ეს ციფრი ძირითადად აფხაზეთიდან გამოდევნილი ქართული მოსახლეობის ხარჯზე ნახევარზე მეტად შემცირდა.