ოს სეპარატისტთა მიერ ამ დილით ქართველების მიერ გატაცებულად გამოცხადებული ვინმე მიხეილ კულუმბეგოვი თავად გამოჩნდა და განაცხადა, რომ იგი ამ დილით ქართველებმა გაცვლის მიზნით მოიტაცეს და შემდეგ გამოუშვეს.
მისი მონათხრობის მიხედვით, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს ირკვევა, რომ იგი "ქართველებმა ჯერ საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და შემდეგ რატომღაც გამოუშვეს".
"ჯერ სოფელ დვანში ჩამიყვანეს, შემდეგ სოფელ დირბში, მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ვიღაცასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და მითხრეს, რომ იმიტომ დამაკავეს, რომ სამხრეთ ოსური მხარის მიერ დაკავებულ მათ მეგობარში გადავეცვალე. ამის შემდეგ სოფელ ტახისძირში მიმიყვანეს და მითხრეს სახლში თავად წავსულიყავი", _ აცხადებს ყოფილი "მძევალი".
ოს სეპარატისტთა ე.წ. უშიშროების სამსახური კი ყოველივეს ქართული მხარის მიერ განხორციელებულ მორიგ პროვოკაციად აფასებს, რომელსაც ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის ჩაშლისათვის მიმართა.