ოსი სეპარატისტები საქართველოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გატაცებაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, "საქართველოს ტერიტორიიდან შემოპასულმა შეიარაღებულმა პირებმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქე მოიტაცეს და საქართველოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს".
"სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროში შევიდა სატელეფონო შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინადან უცნობმა პირებმა, რომლებიც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთიდან 1965 წელს დაბადებული მიხაილ კულუმბეგოვი გაიტაცეს", _ აცხადებენ ოსი სეპარატისტები.
მათივე ინფორმაციით, გატაცებულის მეუღლე აცხადებს, რომ თავდამსხმელები ორნი იყვნენ და ისინი ქართულ ენაზე საუბრობდნენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა აღნიშნული ფაქტის გამოძიება დაიწყეს.