მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბ აბაშიძემ ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე.
შეხვედრაზე აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რუსეთის სათათბიროს მიერ რატიფიცირებაზე, ასევე, ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტის უკანონო გახსნის ფაქტზე.
პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა 2017 წელს სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია. ასეთივე დინამიკა ფიქსირდება სატრანსპორტო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში. შედგა საუბარი 2018 წლის პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზებზე.
შეხვედრისას, განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები.
ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტაციებისადა პოლიტიზების გარეშე. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს რუსეთში ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმების პრინციპებსა და არსს.
პრაღაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსეთის მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციას უკეთებს შეთანხმების რიგ არსებით დებულებას, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამის იმპლემენტაციას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხი. პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.