ნეპალში აგვისტოში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყრების შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. სტიქიას, ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 1 455 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 5 285 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ამის შესახებ Reuters ნეპალის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
წყალდიდობა 26 აგვისტოს, ნეპალისა და ჩინეთის ტიბეტის ავტონომიური რეგიონის საზღვართან მოხდა. სტიქიის შედეგად 13 795 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
„ჩვენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ეტაპიდან აღდგენისა და რეაბილიტაციის ეტაპზე გადავდივართ“, - განუცხადა Reuters-ს ნეპალის საგანგებო სიტუაციების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ფანინდრა პაუდელმა.
მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს სამართლებრივი პროცედურის განსაზღვრაზე, რომლის საფუძველზეც დაკარგულად მიჩნეული პირების გარდაცვლილად ოფიციალურად გამოცხადება იქნება შესაძლებელი. ეს მათ ოჯახებს საშუალებას მისცემს, მოაგვარონ სადაზღვევო, საბანკო და სხვა სამართლებრივი საკითხები.
ნეპალის რისკების შემცირებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, დჰარამ რაჯ უპრეტის განცხადებით, ხელისუფლება დაკარგულთა ცხედრების აქტიურ ძებნას აღარ განახორციელებს. თუმცა, აღდგენითი სამუშაოების დროს აღმოჩენილ ნეშტს, პირად ნივთებსა და სხვა მასალებს შესაბამისი უწყებები შეაგროვებენ.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ ჩატარდება საგანგებო სამაშველო ოპერაციები.
წყალდიდობამ ასევე გაანადგურა 12 ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა გზები, ხიდები, ფერმები და დასახლებები.
ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად იძულებით გადაადგილებული ათასობით ადამიანის დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის სწრაფად აღსადგენად ქვეყანას თითქმის 5 მილიარდი დოლარი დასჭირდება.