„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 72% პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს. მეორე ადგილზეა ინტერნეტი - 21%, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების წყარო ძირითადად მეგობრები, ნათესავები ან მეზობლები არიან. ტელევიზიებისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო რეკლამებია, რომლებიც ხშირად სექსისტურია და მათში სტერეოტიპული დამოკიდებულება იკვეთება.
რეკლამებში ქალები ძირითადად დიასახლისებად და დამხმარე პერსონაჟებად არიან წარმოდგენილები, მაშინ როდესაც მამაკაცის როლი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა. მამაკაცები მეტად ჭარბობენ საქმიან და გასართობ რეკლამებში, ქალები კი, საოჯახო.
სოციალურ ქსელში საწინააღმდეგო ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. საქართველოს მაგალითზე, ვიდეოს იდეის ავტორი გვიყვება რომ მამაკაცები ისევე დადიან საშოპინგოდ, ისე ასეირნებენ ბავშვებს, როგორც ქალები და პირიქით, ქალებიც კავდებიან ბიზნესით, მეღვინეობით, მშენებლობით, როგორც მამაკაცები.
როგორც ვიდეოს იდეის ავტორმა „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, ამით მან პროტესტი გამოხატა, რადგან ის თვლის, რომ რეალობა რეკლამებისგან განსხვავდება.
„გენდერული სტერეოტიპების არსებობა საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან დიდი პრობლემად რჩება. ტელევიზორის აქტიური მაყურებელი არ ვარ, თუმცა, ინტერნეტის საშუალებით ხშირად მიწევს ქართული რეკლამების ყურება. დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ქალები რეკლამებში ძირითადად დიასახლისებად და დამხმარე პერსონაჟებად არიან წარმოდგენილები. არადა, მამაკაცებისთვის რეკლამებში მინიჭებული როლები, ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალებსაც აქვთ. თუნდაც, ჩემი მდედრობით სქესის მეგობრებს, ჩემზე და სხვა ბევრ მამაკაცზე მეტად უყვართ ლუდი, თუმცა ალკოჰოლური სასმელების რეკლამებში ქალბატონების რაოდენობა მინიმალურია ან ისინი საერთოდ არ ჩანან. სწორედ ამიტომ შევარჩიე "მითების დეტექტორის ლაბორატორიის" საკვირაო სკოლის საბოლოო პროექტისთვის "გენდერული სტერეოტიპები ქართულ რეკლამებში". დავიწყე როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ტელევიზიების რეკლამებზე დაკვირვება. მე, ქართული რეკლამები და გენდერული სტერეოტიპები მარტივი 'ტანდემი' არ აღმოჩნდა. ჩემი ცხრილი, სადაც რეკლამების ლინკები შემყავდა, ყოველდღიურად იზრდებოდა, თუმცა არასტერეოტიპული დამოკიდებულების გრაფა ცარიელი დარჩა. მოცემული პროექტით მინდა გავაშუქო ის რეალობა, რომელიც მე პირადად მიმაჩნია პრობლემად”, - განუცხადა იოსებ ძამუკაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს“.
საქართველოს სახალხო დამცველი ხშირად ადგენს და შემდეგ მიმართავს სხვადასხვა კომპანიას, რომელთა რეკლამებშიც სექსიზმი ან გენდერული სტერეოტიპები იკვეთება. ერთ-ერთი ბოლო „კრისტალბეთის“ პრეცედენტი იყო, როდესაც სახალხო დამცველმა კომპანიას მოუწოდა, სექსისტური სარეკლამო პოსტერი შეეცვალა.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.