კემბრიჯის ლექსიკონის სტატისტიკის თანახმად, წლის სიტყვა 2017-ში - პოპულიზმია.
"სიტყვების გამოვლენისას ვითვალისწინებთ არა მხოლოდ იმას, თუ რას ეძებდნენ ყველაზე ხშირად ჩვენს ლექსიკონში, არამედ სიტყვებს, რომელთა შინაარსითაც, მოულოდნელად, უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, ვიდრე მანამდე“, - ვკითხულობთ მიმოხილვის შესავალში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, 2017 წლის იანვარში, კემბრიჯის ონლაინ ლექსიკონში, მაძიებელთა შეტევის მთელი ძალა სიტყვა ინაუგურაციაზე იყო, ამის მიზეზი კი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაა, რომელიც სწორედ გასული წლის იანვარში გაიმართა, თუმცა იგივე მოხდა ამავე თვეში, სიტყვა პოპულიზმზე, როცა 22 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომის პაპმა ფრენცისკემ მსოფლიო პოლიტიკური პოპულიზმის საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რასაც შედეგად პოლიტიკური კრიზისები და სხვადსხვა ქვეყნებში ჰიტლერის მსგავსი დიქტატორების ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლება მოჰყვეს.
„მსგავსი შემთხვევები მიგვანიშნებს, რა უტრიალებთ თავში ჩვენს მკითხველებს, მაგალითად, აშშ-ში - ნეპოტიზმი, ფანატიზმი, მეგალომანია... გაერთიანებულ სამეფოში: ქაოსი, ექსტრადიცია, თავდაცვისთვის გამოუსადეგარი(არგუმენტი ან რაიმე სხვა), დაბნელება (21 აგვისტოს მომხდარი მზის დაბნელების გამო), gig economy (მოკლე განმარტება: შრომითი ბაზარი, რომელიც ხასიათდება მოკლევადიანი კონტრაქტებით ან უშტატო სამუშაოს გავრცელებით)...
„რაც შეეხება პოპულიზმს, ის აერთიანებს ყველას, ადგილობრივად თუ გლობალურად, მოსახლეობას თუ მათ ლიდერებს, რაც ძირითადად, მოიცავს საკითხებს, როგორებიცაა, მიგრაცია, ვაჭრობა, ნაციონალიზმის აღორძინება, ეკონომიკური უკმაყოფილება და.აშ. პოპულიზმი კემბრიჯის ლექსიკონი განმარტავს შემდეგნაირად: პოლიტიკური იდეები და აქტივობები, რაც განზრახულია ადამიანების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და გულისხმობს მათთვის იმის თქმას, რისი მოსმენაც უნდათ.ძირითადად, ხალხი სიტყვა პოპულიზმით კრიტიკულ აზრს მოკლებულ, პოლიტიკური ეშმაკობებსა თუ ხრიკებს აღწერს“, - ვკითხულობთ კემბრიჯის ლექსიკონის ოფიციალურ გვერდზე.