ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ "ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში ახლახან ჩატარებულმა "ქართულ-ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა" სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ჟენევის მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაციის პოზიციას ზიანი მიაყენა.
ფორუმის მონაწილეების მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებისადმი მიღებულმა მიმართვის კომენტირებისას ჩოჩიევმა განაცხადა¸რომ "ჰოლანდიაში შეკრებილნი იყვნენ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები".
"მონაწილეთა უმეტესობა ქართველი იყო - ეს იყვნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი მცხოვრებლები. ზოგმა მათგანმა მოღალატეობრივად დატოვა სამხრეთ ოსეთი 1992 წელს, ზოგმა 2008 წელს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვბომბავდა ქართული არმია. ისინიც, ვინც საკუთარ თავს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს უწოდებენ მათთან ერთ მაგიდასთან სხედან", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, მას არ ესმის ე. წ. სამხრეთ ოსეთის ზოგი სტრუქტურის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი - მათი, რომელთა თვალწინაც მიმდინარეობს ამ ე. წ. პატრიოტების საქმიანობა.
"ჩემთვის ცნობილია, რომ ჰოლანდიაში მიმდინარე ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე თემურ ცხოვრებოვი სამხრეთ ოსეთში აგროვებდა ხელმოწერებს, რომ საქართველო-სამხრეთოსეთის საზღვარი ადმინისტრაციულია და უნდა გაიხსნას. ვიცნობ თემურს და ამისი არ მჯეროდა, მაგრამ ვკითხულობდი მიმართვის ტექსტს და ეს არცთუ ისე შეუძლებლად მომეჩვენა. ეს უბრალოდ სირცხვილია", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, ჰოლანდიაში ჩატარებულ ფორუმში მონაწილე ე. წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ ამ ფორუმში.
"ხოლო თუ როგორ მოხვდნენ ისინი იქ, ამ საკითხით შესაბამისი ორგანოები უნდა დაკავდნენ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, იქ წავიდეს, სადაც სურს, მაგრამ არ არის საჭირო მოღალატეობრივი განცხადებების კეთება", _ აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს, რომ ფორუმის მონაწილეებსა და დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს.
"მიმაჩნია, რომ ეს არის სილა, რომელიც ყველა ოსს გააწნეს. ქართველებს ხელთ ექნებათ ეს განცხადება და ქართული დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე უფრო თვითდაჯერებული იქნება და გვეტყვის, რომ სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ფიქრობს ერთს და ოსი ხალხი მეორეს", _ აცხადებს ჩოჩიევი.