თვითმმართველობის არჩევნები, საგარეო მიღწევები, საბედისწერო სასამართლო გადაწვეტილებები - საქართველოსთვის 2017 წელი აქტიური, მნიშვნელოვანი და საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა.
ერთად გადავავლოთ თვალი, რა მოვლენებით შევა საქართველოს ისტორიაში 2017 წელი:
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი, განხილვადი და ხმაურიანი ამბავია ე.წ. ციანიდის საქმე. 2017 წლის 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურამ დაკავების მიზეზად „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ დაასახელა. პროკურატურა იტყობინება, რომ უწყებას მამალაძის ნაცნობმა პირმა მიმართა, რომელსაც დეკანოზი შემჭიდროვებულ ვადებში მომწამლავი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას სთხოვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მამალაძის ჩხრეკის დროს შხამიანი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს კი, კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.
2017 წელს არანაკლედ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს წარმატება ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით. 2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.
მაისში, თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს. გატაცებული ჟურნალისტი აზერბაიჯანში აღმოჩნდა. მომხდარს ხმამაღალი პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ქვეყნის მმართველი გუნდი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულეს. „ქართულ ოცნებას“ ბრალი თავად მუხთარლიმაც დასდო, რომელმაც გიორგი კვირიკაშვილი „მოიკითხა“.
ისევ მაისში, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მოგვიანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბრალდებულის ოჯახმა და ადვოკატმა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მიმართეს, თუმცა, სამინისტროსგან უარი მიიღეს.
ზაფხულში, დასავლეთ საქართველოს აზიური ფაროსანა შეესია. მწერმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმა რამდენიმე რეგიონში. მწერმა მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა და მათ სახლებსაც კი შეესია. საქართველოს მთავრობამ მასთან საბრძოლველად რამდენიმე მილიონი გამოყო.
„ჰომოფობიასთან ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - ასე აფასებენ საქართველოს ნაკრების კაპიტნის ქმედებას. ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურის მატჩზე გურამ კაშიამ ლგბტ მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. კაშიას ამ ქმედებას ერთი მხრიდან მცირე აქცია, მეორედან კი, ლგბტ მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა. კაპიტანს მხარდაჭერა მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.
2017 წელი დასამახსოვრებელი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაჩენილი ხანძრებით. ყველაზე ტრაგიკული ბორჯომის ტყის დაწვა აღმოჩნდა. ის ადგილი, რომელიც 2008 წელს რუსეთმა დაბომბა და რომლის აღდგენაც მიმდინარეობდა, ხანძარმა ისევ გაანადგურა. ხანძარი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც იყო.
2017 წელს „ქართველობის დასაცავად“ ე.წ. ქართული მარში შეიქმნა. ჰომოფობიურმა, რასისტულმა და ქსენოფობიურმა მოძრაობამ მოახერხა და აღორძინებიდან რამდენიმე თვეში სრული კრახი განიცადა. გაუპატიურების მუქარის, ქუთაისელების გინების და ვერშემდგარი მარშების შემდეგ, „ქართული მარში“ „ქართველობის დაცვის“ სადარაჯოდან უგზო-უკვლოდ გაქრა.
2017 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რასაც წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება უძღოდა. საბოლოოდ, მარტო დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ქორწინების, პრეზიდენტის არჩევის და მიწის გასხვისების მიმართულებით.
წელსვე, პოლიტიკურ საბჭოზე დაწყებულმა კამათმა საბოლოოდ მთავარი ოპოზიციური ძალის გაყოფა გამოიწვია. 2017 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, პარტია ორად - „ნაციონალურ მოძრაობად“ და „ევროპულ საქართველოდ“ გაიყო.
2017 წელი მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. ოქტომბერში გამართული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მმართველი გუნდი დედაქალაქსა და რეგიონებში კიდევ უფრო გაძლიერდა. არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ და მნიშვნელოვანი სხვაობით, ის თბილისის მერი გახდა.
2017 წელი მნიშვნელოვანი იყო ქალებისთვის. ჰოლივუდიდან წამოსულ ტალღას რეაგირების გარეშე არც საქართველოში ჩაუვლია. მოსახლეობამ სექსუალური შევიწროებაზე, როგორც პრობლემაზე, საუბარი ღიად დაიწყო. ამას მოყვა კანონპროექტის შემუშავება, რის მიხედვითაც, სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახდეს.
30 ოქტომბერს, ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. გახსნის საზეიმო ცერემონიაში 5 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, განიხილება როგორც „რკინის აბრეშუმის გზა“. მას ეკონომიკურ წინსვლასა და რეგიონის სტაბილურობის ხელშეწყობაზე მიმართულ პროექტად მიიჩნევენ.
2017 წელს საქართველოს „უცნაური ტერორისტული დღეც“ ჰქონდა. სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ტერორისტების ლიკვიდაციას, რაც საბოლოოდ მოახერხეს. მათგან ერთ-ერთი ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევი იყო.
წლის მიწურულს, საქართველოს საკონტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ სარჩელი დააკმაყოფილა და ქვეყანაში მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას წინ „ბირჟა მაფიას“ საქმე უძღოდა. მათ დაკავებას მრავალათასიანი აქცია და ორად გაყოფილი მმართველი გუნდი მოყვა. საბოლოოდ, „ბირჟა მაფიას“ წევრები მალევე გაათავისუფლეს, თუმცა, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით პროტესტმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე შეიძინა.
2017 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საპატრიარქოსთვისაც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს მიერ მისივე მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიო მუჯირის დასახელებამ ეკლესიაში დაპირისპირებული კერები გააჩინა და არსებული კიდევ უფრო გაამძაფრა.
2017 წელი საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა. ყველაზე ხმაურიანი და მძიმე 51-ე საჯარო სკოლაში მომხდარი შემთხვევა გახდა. არასრულწლოვან თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება, სასტიკ დაპირისპირებაში, საბოლოოდ კი, 2 სიცოცხლის მოსპობაში გადაიზარდა.
არანაკლედ მძიმე და ტრაგიკული იყო 24 ნოემბრის ღამე. ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დეკემბერში ერი ისევ ორად გაყო და კვლავ აახმაურა ქართველი ბიჭის, დავით შუბლაძის ტრადიციულმა გეი ქორწილმა, რომელიც ნიუ იორკში გაიმართა. დავითმა პარტნიორ ბიჭზე ტრადიციული ქართული სამოსით, ჩოხით იქორწინა. ფაქტმა მოსახლეობის ერთ ნაწილში მოწონება, ხოლო მეორეში გაღიზიანება გამოიწვია.
2017 წლის მიწურულს, პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას აგინა. დაპირისპირება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. გიორგი კვირიკაშვილმა მოგვიანებით, პარლამენტის ტრიბუნიდან, გინებისთვის ბოდიში მოიხადა.
ირაკლი კუნჭულია