„იმედი მაქვს, შემდეგ პროცესზე ოროსანი ბავშვივით არ გამოცხადდებით“, - გახდება თუ არა მოსამართლე გიორგი არევაძის ეს სიტყვები, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის მიხრიდან მისი აცილების საფუძველი, უცნობია.
„სასამართლო პროცესზე გამოვცხადდები და ვნახოთ, კიდევ რა გამოიკვეთება. ამის მიხედვით გადავწყვეტ დავაყენებ თუ არა მოსამართლის აცილების შუამდგომლობას“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ.
გოგლიჩიძემ სასამართლოს განცხადებით გუშინვე მიმართა სხდომის ოქმის გადმოსაცემად, ის მოსამართლის რეპლიკის რეაგირების გარეშე დატოვებას არ გეგმავს. მოასწრებს თუ არა ის არევაძის მიერ მიცემულ ვადაში საქმის მასალების გაცნობას და დასკვნითი სიტყვის მომზადებას, თავადაც არ აქვს პასუხი.
„ვინაიდან ძალიან მცირე ვადა მაქვს მოცემული, საქმის მასალებს ამ წუთებშიც ვეცნობი. რამდენად ჩავეტევი ამ ვადაში, ვერ გეტყვით“, - აღნიშნავს გოგლიჩიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა, თუმცა, მან მოსამართლე გიორგი არევაძეს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა, რადგან საქმის მოცულობიდან გამომდინარე მისი გაცნობა ვერ მოასწრო.
აღნიშნულზე მოსამართლეს მწვავე რეაქცია ჰქონდა. მან ადვოკატის შუამდგომლობა, სხდომა 15 იანვრისთვის გადადებულიყო, არ დააკმაყოფილა და შემდეგი პროცესი 25 დეკემბერს ჩანიშნა.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.