თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის ფიგურანტების პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდს.
ბრალდებულებმა სასამართლო სხდომების სატელევიზიო გადაღებისთვის დახურვა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სასამართლო პროცესები მათთვის მოუღებელ კონტექსტში გააშუქა.
ბრალდებულმა გურამ დონაძემ მოსამართლეს მიმართა, რომ თუკი დღევანდელ სხდომას საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს, მასაც მიეცეს უფლება საკუთარი კამერაც დაუშვან დარბაზში და პროკურატურის მოწმის დაკითხვა გადაიღოს.
"ან მიეცეს ყველა ტელევიზიას გადაიღონ და გააშუქონ სრულფასოვნად, ან მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება სხდომები გააშუქოს. ან მომცენ უფლება, ჩვენი კამერაც დავაყენოთ და გადავიღოთ მოწმის დაკითხვა",- განაცხადა გურამ დონაძემ. იგივე მოთხოვნა დააყენა კიდევ ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ.
პროკურორის განმარტებით კი, სასამართლოს უფლება არ აქვს ჟურნალისტის საქმიანობაში ჩაერიოს და ნებისმიერ ტელეკომპანიას უფლება აქვს, პროცესი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად გააშუქოს. დავით ნეფარიძემ ასევე განაცხადა, რომ პროცესებს ტელევიია აუცილებლად უნდა დაესწროს.