ნიკარაგუაში ჩასულმა აფხაზ და ოს სეპარატისტთა ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა ნიკარაგუას პრეზიდენტს დანიელ ორტეგას მანაგუაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას მათი დამოუკიდებლობის აღიარებისათვის მადლობა გადაუხადეს. მიტინგი, აფხაზური მხარის ინფორმაციით, სანდინისტური რევოლუციის 31-ე წლისთავისადმი იყო მიძღვნილი.
"ორტეგამ მიტინგზე პირადად გადასცა სიტყვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს. სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა კი სიტყვით გამოსვლისას ნიკარაგუელ ხალხს "მამაცი" ხალხი უწოდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის", _ იუწყება აფხაზური მხარე.
"ჩვენ მშვიდობა გვინდა, ისევე როგორც ნიკარაგუელებს, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც ოდესღაც თქვენ, იძულებული გაგვხადეს იარაღისათვის მოგვეკიდა ხელი და ჩვენ ისევე როგორც თქვენ გავიმარჯვეთ", _ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა.
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა კი თავისი სიტყვა მიტინგზე დაასრულა სიტყვებით "გაუმარჯოს ნიკარაგუას! გაუმარჯოს დანიელ ორტეგას!".