ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC), ქართველი ექსპორტიორების ევროპის ბაზარზე შეღწევაში ეხმარება და ამ მიზნით საბჭომ მათთვის სპეციალური პუბლიკაცია "მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის საკითხები"- გამოსცა.
პუბლიკაციაში აღწერილია ახალი ხილისა და ბოსტნეულის მარკეტინგული სტანდარტები; სპეციფიკური მარკეტინგული სტანდარტები ციტრუსებისთვის; ევროკავშირის ჯანმრთელობის და ფიტოსანიტარული მოთხოვნები მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებზე, ასევე მოთხოვნები სურსათის უვნებლობასა და ჰიგიენაზე.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოდან აცნობეს, აღნიშნული გამოცემის მიზანია ევროპის ბაზარზე ექსპორტირებისთვის საჭირო საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკის, წესებისა და პირობების შესახებ ქართველ მეწარმეთა ცოდნის ამაღლება.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დადებითად შეაფასა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს საქმიანობა.
"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო წარმატებით ახორციელებს მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, ხელი შეუწყოს ევროპასთან ვაჭრობის საკითხებზე ქართველი მეწარმეების ცოდნის ამაღლებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, პერ ეკლუნდი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტის განხორციელებას - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის განვითარებას
"მოხარულები ვართ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან
თანამშრომლობით, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტის განხორციელებას - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის განვითარებას", _ აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, პერ ეკლუნდი.